logo
ENG



"უთხარით ხალხს სიმართლე" - დედა სიდონია ილია II-ს რუსულ კანონპროექტზე მიმართავს

28 თებ 202316:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/bpoikvsh1d4yce7.jpg

დედა სიდონია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს მიმართავს და მოუწოდებს, უთხრას ხალხს სიმართლე, რა განსაცდელის წინაშე დგას სახელმწიფოს თავისუფლება, თუ რუსულ კანონპროექტს მიიღებენ.

დედა სიდონიას განცხადება:

"პატრიარქო! 17 წლისამ გაგიცანით, როცა მონასტერში მოვედი.
იმ წლებში, მოგეხსენებათ ეროვნული თვითშეგნება მაღალი იყო და, გარდა სარწმუნოებისა, სამშობლოს სიყვარულმა მაგრძნობინა თავი იმდენად ზრდასრულად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა!

თქვენ შემმოსეთ, თქვენ მიწოდეთ სიდონია 20 წლის ასაკში! 17 წლის ასაკში "გავწირე" თავი - თავის უარსაყოფად! წელს 50 ის ვხდები და სამშობლო, ისევ იგივე განსაცდელშია!

პატრიარქო! თუ თქვენი არჩევანი რუსეთი არაა, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენს ქვეყანას, განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები გაწიროთ ერის ნათელი მომავლისთვის და ხალხს უთხრათ სიმართლე, თუ რა განსაცდელის წინაშე დგას სახელმწიფოს თავისუფლება, თუ ამ "რუსულ კანონს" მიიღებენ.

მეუფენო, მღვდელნო, მონაზონნო! ყველას შეგეხებათ - ზეგ! არ ვართ ჩვენ ცალკე განყენებული ორგანიზმი. ნუ შეიკეტებით საკუთარ მცირე კეთილდღეობაში.
ჩვენი ვალია, ნუთუ არ კმარა ამბროსი ხელაიას ღირსეული მაგალითი?!

P.S. რუსეთი იმიტომ არა, რომ უთვალავჯერ გვიღალატა, შეურაცხგვყო! აბუჩად იგდებდა ჩვენს ღირსებას! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს დღემდე! თავად ვერ ვითარდება და გაიაზრეთ რა იზოლაცია გველის მასთან ერთად, გაიაზრეთ!" - წერს ის.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა